აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა ნავთობპროდუქტების მიწოდების დარეგულირების მიზნით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას მიმართა.
აფხაზი „დეპუტატები“ მიიჩნევენ, რომ რუსეთის მთავრობის დადგენილება, „რომელიც „როსნეფტს“ აფხაზეთში ნავთობპროდუქტების ერთადერთ ექსპორტიორად განსაზღვრავს, გადახედვას საჭიროებს“, მიმართვა „პარლამენტის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, წერს „ტასი“.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის გადაწყვეტილების გამო, ფსოუზე „საზღვრის“ რუსულ მხარეს, 21 დეკემბრიდან საწვავით დატვირთული 34 ვაგონი იდგა, რომელიც რესპუბლიკაში მხოლოდ 25 იანვარს შეიტანეს. „აფხაზეთის საწვავის ასოციაციამ“ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ორი - სამი კვირის მარაგია. მათივე თქმით, „ნავთობპროდუქტების ბაზრის მონოპოლიზაცია დაუშვებელია და ყველა ზომა უნდა მიიღონ, რათა სიტუაცია შეიცვალოს და ყველა მიმწოდებელს მიეცეს მუშაობის საშუალება“.
ამ თემაზე „პარლამენტში“ ორი მოსმენა გაიმართა. 24 იანვარს სოხუმში აქცია გაიმართა, რომელზეც საწვავის ბაზრის „მონოპოლიზაცია“ გააპროტესტეს. "ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა" ჯანსუხ ნანბამ მომიტინგეებს უთხრა, რომ აფხაზ ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან ერთად, მოსკოვში გამგზავრებას გეგმავს, საწვავის საკითხის მოსაგვარებლად.
მიმდინარეს წლის 1 იანვრიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ბენზინგასამართი სადგურები მასობრივად დაიხურა. ამჟამად მხოლოდ ის ბენზინგასამართი სადგურები მუშაობენ, რომლებიც "როსნეფტისგან" ყიდულობენ საწვავს.
უფრო ადრე, "ეკონომიკის მინისტრმა" ქრისტინა ოზგანმა განაცხადა, რომ რესპუბლიკაში საწვავის "იმპორტის შეზღუდვა დაკავშირებულია
რუსეთის მთავრობის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებასთან", რომელიც კომპანია "როსნეფტს" და მის შვილობილ კომპანიებს სოხუმსა და ცხინვალში ნავთობპროდუქტების "ექსპორტის" ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს. რუსული დადგენილების მოქმედების ვადა 6 თვეა.
მასალის გამოყენების პირობები