ქვეყნის მასშტაბით გზდ-ს თანამშრომლებმა საწვავის ხარისხი შეამოწმეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული საწვავის ხარისხი შეამოწმეს.
შესაბამისი ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
ამავე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან საავტომობილო ბენზინის 20 და დიზელის საწვავის 80 ერთეული სინჯია აღებული.
"ლაბორატორიული კვლევების შედეგად დარღვევა გამოვლინდა 28 სინჯში. საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა დიზელის საწვავის 25 და ბენზინის 3 სინჯში. მათგან 12 ნიმუშში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, 10 სინჯში დაფიქსირდა დახურულ ტიგელში აფეთქების ტემპერატურის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა“,- ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც, გზდ-ში განმარტავენ, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესაბამისი ოქმები შეადგინეს. ჯარიმების ოდენობა, ჯამში 2 მილიონ ლარზე მეტია და საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები