გალის რაიონის მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, თემურ (ვიტალი) კარბაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შსს - ს სამი თანამშრომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ორი მათგანი დააკავეს.
ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, კაპიტანი ალბერტ ზარაკუა, ლეიტენანტი ვიანორ აბშილავა და უმცროსი ლეიტენანტი დავით კვეკვესკირი ეჭვმიტანილები არიან სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებაში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა.
თემურ კარბაიას სიკვდილის შესახებ 2023 წლის 9 დეკემბერს გახდა ცნობილი. 43 წლის მამაკაცის
ოჯახის წევრების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, რომელიც დედასთან ერთად გალში ცხოვრობდა, ე.წ. მილიციამ გააჩერა და სასტიკად სცემა. მიყენებული ტრავმებით იგი კლინიკაში გარდაიცვალა.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,
დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არაფერი უთქვამთ თემურ კარბაიას უკანონოდ დაკავების მცდელობაზე.
დე ფაქტო სუს - ის მიერ გალში საქართველოს მოქალაქის თემურ (ვიტალი) კარბაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის 6 დეკემბერს კარბაია გალის ბაზრობასთან დააკავეს, რის შემდეგაც ის "მოიქცა ძალადობრივად და ცდილობდა თავის დაჭრას". განყოფილებაში აცხადებენ, რომ ის "სამედიცინო ჩარევისთვის" რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს და "პროფილაქტიკური საუბრის შემდეგ" 7 დეკემბერს დილით გაათავისუფლეს. კომენტარში ნათქვამია, რომ კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ერთი დღით ადრე ის გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს, სადაც ის "გაუარესებული ჯანმრთელობის გამო" მივიდა.
თემურ კარბაია, 2023 წლის 16 დეკემბერს, გალის რაიონის სოფელ წარჩეში
დაკრძალეს.
გალში მილიციის მიერ ნაცემი საქართველოს მოქალაქის დაღუპვა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა, განაცხადა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალების ფაქტზე
პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, ასევე საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით ორგანიზაციებს, ეფექტიანი გამოძიებისკენ.
მასალის გამოყენების პირობები