"დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" ზუგდიდის ოფისში "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტი ცხოველების მოყვარულებთან ერთად სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა განიხილეს.
შეხვედრის ორგანიზატორმა ეკა მინჯორაიამ რადიო
"ათინათს" უთხრა, რომ მნიშვნელოვანია ამ საკითხის მრავალი კუთხით განხილვა, ექსპერტებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობით, რადგან მოგვიანებით რეგიონებში ჩატარებული დისკუსიებიდან შესაბამისი რეკომენდაცია საკანონმდებლო ორგანოში გაიგზავნება.
დამსწრეები თანხმდებიან იმაზე, კანონპროექტის მიღება წინ გადადგმული ნაბიჯია მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის პროცესში, მაგრამ ის სრულად ვერ აკმაყოფილებს ზუგდიდის მასშტაბის მოთხოვნებს.
ცხოველთა მოყვარულების აზრით, ცხოველთა უკონტროლო გამრავლების პრევენციისთვის აუცილებელია მათი და პატრონების რეგისტრაცია, ასევე, მასობრივი სტერილიზაცია/კასტრაცია.
ერთ-ერთმა მათგანმა მერაბ დანელიამ აღნიშნა, რომ გავრცელებული ჯიშის ძაღლების აყვანა მხოლოდ ფასიანი ლიცენზიით უნდა ხდებოდეს, რადგან საზოგადოება ხშირ შემთხვევაში, ეკონომიკურად და ფსიქოლოგიურად მოუმზადებელია ამ პასუხისმგებლობისთვის.
"ცხოველთა თავშესაფარი არსებულ პრობლემას ვერ მოხსნის. თავშესაფარი ტრანზიტული ადგილია, სადაც დროებით ჩერდება, მიხედავენ, განკურნავენ და თუ აგრესიულია დააძინებენ, შემდეგ კი მოუძებნიან პატრონს. აღრიცხვიანობის მოწესრიგება და მფლობელზე ლიცენზიის გაცემაა მთავარი", - თქვა მან.
საკრებულოს თავმჯდომარის გიგა ფარულავას თქმით, პრობლემა საკმაოდ მწვავეა და კანონპროექტის მიღება ქვეყნის მასშტაბით, აქტიური ქმედითი ნაბიჯების შემუშავებას შეუწყობს ხელს.
"მნიშვნელოვანია, რომ ორი ან სამი წლის შემდეგ გვქონდეს უკეთესი გარემო, ცხოველთა უფლება და მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული. მოლოდინი არსებობს, თუმცა ერთია საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს სამართლებრივი აქტი და მეორეა, რამდენად ეფექტურად მოხდება მისი აღსრულება. ჩვენ დღევანდელ შეხვედრაზე ვთქვით, რომ საკრებულოს მიღებული აქვს ადგილობრივ დონეზე "შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის წესი 2023 წლის 3 ნოემბრიდან და ამას სჭირდება შესაბამისი ფინანსური რესურსი და აღსრულება", - ხაზი გაუსვა რესპონდენტმა.
ზუგდიდის მაცხოვრებელი ნანა ბასილაია, რომელსაც 6 ძაღლი ჰყავს მიკედლებული, ოპტიმისტურად არის განწყობილი კანონპროექტის მიმართ, მაგრამ აღნიშნავს საზოგადოების მასობრივი ინფორმირების აუცილებლობას და დასძენს, რომ ცნობიერების ამაღლების კამპანია უნდა დაიწყოს.
პარლამენტში 13 თებერვალს
ინიცირებული "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონპროექტის მიხედვით, შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაწესდება. მის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ მიუსაფარი ცხოველების მუნიციპალური თავშესაფრების აშენება სხვა ქალაქებთან ერთად
სენაკსა და მესტიაშიც იგეგმება.
ამავე თემაზე:
ძაღლისა და კატის სკოლებში, უნივერსიტეტებში, მაღაზიებში, აფთიაქებსა და საავადმყოფოებში შეყვანა აიკრძალება
მასალის გამოყენების პირობები