სოხუმში აცხადებენ, რომ მოსკოვს ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილზე, სავარაუდოდ, მინსკში ან ბაქოში გადატანა სურს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადეს.
„ეხო კავკაზას“ თანახმად, ამ უკანასკნელმა, „საგარეოს“ 2023 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ „საქართველო უარს ამბობს პოლიტიკურ დიალოგზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ ორმხრივად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერის შესახებ“. მისივე თქმით, რუსული მხარის ეს ინიციატივა განპირობებულია იმით, რომ „ჟენევას სულ უფრო ნაკლებად შეუძლია ყველა მონაწილისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა მოლაპარაკებების პროცესში“.
აფხაზი ლიდერის, ასლან ბჟანიას თქმით, აღნიშნული საკითხი მასთან შეხვედრისას ასევე დააყენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც.
„... მან თქვა, რომ ამ პლატფორმამ მეტწილად, ასე ვთქვათ, თავი ამოწურა, ამიტომაც იკითხა, წინააღმდეგია თუ არა აფხაზური მხარე, რომ გაგრძელდეს მუშაობა უფრო შესაფერისი ლოკაციის მოძიებაზე. საუბარი იყო ასევე ბელარუსის დედაქალაქზე, ქალაქ მინსკზე ან სხვა სახელმწიფოების დედაქალაქებზე, ყოფილი საბჭოთა კავშირის უფრო ნეიტრალურ სახელმწიფოებზე. პრინციპში, ამის განხილვა შესაძლებელია. თუ ეს გადაწყვეტილება მიიღება, მიმაჩნია, რომ ამაში ცუდი არაფერია. პირიქით, შესაძლოა, რამე უკეთესობისკენ შეიცვალოს“, – განაცხადა ბჟანიამ.
ინალ არძინბამ, გასული წლის მარტშიც
ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მინსკში გადატანის აუცილებლობაზე. ამას უსწრებდა მისი ვიზიტი მინსკში, სადაც ის ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.
მანამდე, 2022 წელს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ჟენევის დისკუსიები გეოპოლიტიკის მძევალი გახდა“ და მიუთითა მოლაპარაკებების „უფრო ნეიტრალურ ადგილას“ გამართვის აუცილებლობაზე.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 59-ე რაუნდი 2023 წლის 5-6 დეკემბერს გაიმართა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაეროს და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები