სამეგრელოში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოძიების შედეგად, დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, 2024 წლის 1 მარტს, 3 პირი დააკავეს.
ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
ამავე ცნობით, სამეგრელოში, სამ ლოკაციაზე, ბრალდებულებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 54 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 256 000 ლარს აღემატება.
"გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8-წლამდე ვადით. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ბრალდებულებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
მათივე განმარტებით, მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი.
მასალის გამოყენების პირობები