ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ინგირსა და ძველ აბასთუმანში საბჭოთა ბელადების ვლადიმერ ლენინისა და იოსებ სტალინის ბიუსტები დგას.
ლენინის მონუმენტი ინგირში ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გვერდით გადავიღეთ. ის დაზიანებულია, თუმცა პირველადი იერსახე შენარჩუნებული აქვს. ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე ათეული წელია, არავინ დაინტერესებულა მისი სოფლიდან გატანით. მანამდე ქანდაკება რკინიგზის მიმდებარედ იდგა.
ინგირში მერიის წარმომადგენელმა ჯონი ზარანდიამ
რადიო "ათინათს" უთხრა, რომ არ იცის, წაიღებენ თუ არა სადმე ბელადის ბიუსტს.
"თუ უნდა ვინმეს, წაიღოს, ვაჩუქებ, მე რატომ უნდა გადავიტანო, რა ვიცი, სად წავიღო", - თქვა ზარანდიამ.
რაც შეეხება ძველ აბასთუმანში შინმოუსვლელთა მემორიალის მიმდებარედ, საჯარო სკოლასთან ახლოს აღმართულ სტალინის მონუმენტს, სოფლის გამგებლის მაკა აბშილავას თქმით, მემორიალი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განახლდა და იქ განთავსებული ქანდაკების დემონტაჟი მოქალაქეების სურვილის შესაბამისად უნდა გადაწყდეს.
"კომუნისტების დროს გაკეთებული სტალინის ბიუსტის გადაადგილება პირადად ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ", - აღნიშნავს აბშილავა.
ზუგდიდის მერიაში კი გვეუბნებიან, რომ ქანდაკებებს არ გააჩნიათ ისტორიულ-კულტურულ მხატვრული ღირებულება, არ არიან მერიის ბალანსზე და არ წარმოადგენენ სახელმწიფო ზრუნვის საგანს.
შესაბამისად, ისევ უცნობია, წაიღებენ საბჭოთა იმპერიის ბელადების ბიუსტებს ზუგდიდის სოფლებიდან თუ ორივე მონუმენტი კვლავ ინგირსა და ძველს აბასთუმანში დარჩება.
ამავე თემაზე:
საბჭოთა სიმბოლიკა სამეგრელოს ქუჩებში (ფოტორეპორტაჟი)
მასალის გამოყენების პირობები