კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავებით გადაადგილება 2028 წლის 1 იანვრამდე იქნება დასაშვები.
მანამდე, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე თხევად საწვავზე მომუშავე ნავების გამოყენება დაშვებული 2024 წლის 1-ელ იანვრამდე იყო.
მთავრობამ პარლამენტს შესაბამისი ვადის 4 წლით გადაწევის ინიციატივით მიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, რომ ცვლილებები აუცილებელია კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში მოსახლეობისა და ვიზიტორთა გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით. უწყების ინფორმაციით, ელექტრო ძრავები, რომლის დამონტაჟებასაც მოქმედი კანონი ითვალისწინებს, საკმაოდ ძვირია.
„კანონით განსაზღვრულია ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებული საქმიანობები, მათ შორის ეკოტურიზმი (ვიზიტორთა გადაადგილება) და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ლიმიტირებული ძოვება, თიბვა, თევზჭერა და საშეშე მერქნის დამზადება.
კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონა მოიცავს პალიასტომის ტბასაც, სადაც ხორციელდება თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავებით/პონტონებით როგორც ვიზიტორთა მომსახურება, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ თივის (ალტერნატიული სათიბები არ არსებობს) და სათბობი შეშის გადატანა.
აღსანიშნავია, რომ ელექტრო ძრავები, რომლის დამონტაჟებასაც მოქმედი კანონი ითვალისწინებს, საკმაოდ ძვირია და ერთი 25 ც.ძ ელექტრო ძრავის ღირებულება ადგილზე დაახლოებით 17 000 ევროს შეადგენს, რომელსაც ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯები დაემატება. აღნიშნული ხარჯის გაწევას ადგილობრივი მოსახლეობა ფაქტიურად ვერ შესძლებს.
რაც შეეხება ვიზიტორების მომსახურების მიზნით პონტონის ელექტრო ძრავებს, ისინი კიდევ უფრო ძვირი ღირს და მათ შესაძენად შეკვეთა წინასწარ უნდა განხორციელდეს. ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ პონტონზე დღეის მდგომარეობით დამონტაჟებულია 2 ერთეული თხევად საწვავზე მომუშავე 75 ც.ძ ძრავი. შეძენილი უნდა იქნეს 8 ერთეული 80 ც.ძ ელექტრო ძრავი, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ არსებული თხევადსაწვავიანი ძრავები გამართულია და მუშა მდგომარეობაშია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უახლოესი სერვისცენტრი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ელექტრო ძრავების მომსახურებას განახორციელებს, სტამბოლში მდებარეობს, რაც როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ვიზიტორთა მომსახურებას დამატებით უდიდეს პრობლემებს შეუქმნის“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
“კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
მასალის გამოყენების პირობები