ფოთში, ნაბადის უბანში, სამეგრელოს ქუჩის მცხოვრებლებმა მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა და ტრაილერების გადაადგილება გააპროტესტეს.
ისინი გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, თუმცა ამის უფლება ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.
"შეჩერდეს ტერმინალის მშენებლობა", "შეჩერდეს ტრაილერების მოძრაობა" - სლოგანით გამართულ აქციაზე შეკრებილებმა თქვეს, რომ ტერმინალზე სახიფათო ნარჩენები გადამუშავდება, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.
როგორც ისინი აღნიშნავენ, მშენებელ კომპანიას არ აქვს საჭირო დოკუმენტები და ამ საკითხზე შესაბამის უწყებებს მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ.
"მე-20 დღეა, ვაპროტესტებთ ტერმინალის მშენებლობას. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სახლები, ჩვენი კარ-მიდამო. ასეთი გაუსაძლისი პირობა არსად არ გვინახავს. მოგვხედონ და სათანადო ღონისძიებები გაატარონ. ჩვენ არ გავჩერდებით. შეჩერდეს ტრაილერების მოძრაობა და ტერმინალის მშენებლობა", - თქვა აქციის მონაწილემ.
შეკრებილები ამბობენ, რომ მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, პროტესტი გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები