დღეიდან, 1 აპრილიდან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი იცვლება. კომპანია „ჩერნომორენერგოს“ თანახმად, ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობას 6 საათის ნაცვლად, 4 საათით შეეზღუდება.
26 მარტიდან აფხაზეთში ელექტროენერგია დღეში 6 საათით ითიშებოდა, რადგან მარტის შუა რიცხვებში, მოსკოვიდან სოხუმში ელექტროენერგიის „სოციალური ნაკადის“ მიწოდება
დასრულდა.
„მიუხედავად იმისა, რომ „ჩერნომორენერგომ“ იპოვა შესაძლებლობა შეისყიდოს ელექტროენერგიის ღამის ნაკადი რუსეთიდან, მისი მოცულობა არასაკმარისია. ჰიდროელექტროსადგურის სრული ფუნქციონირებისთვის ასევე არასაკმარისია ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე და მასში წყლის შემოდინება“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც აფხაზური ენერგოკომპანია ავრცელებდა.
უკვე წლებია, აფხაზეთში ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებენ. მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილი დატვირთვა და ინფრასტრუქტურის ცვეთა, გამრიცხველიანების არარსებობა, ელექტროენერგიაზე დაბალი ტარიფები, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობა და კრიპტოვალუტის მზარდი, უკანონო მაინინგი სახელდება.
მასალის გამოყენების პირობები