აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „აპარტამენტების შესახებ კანონი ინვესტორებს კი არა, აფხაზეთის მცხოვრებლებს სჭირდებათ“. ამის შესახებ ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა „არგუმენტებს და ფაქტებს“ უთხრა.
„რატომ ხდება, რომ პატარა დუბაიში მშვიდად ყიდიან ბინებს უცხოელებზე და არავინ ყვირის იქ კოლონიზაციაზე? აფხაზეთში საცხოვრებლის უცხოელ მესაკუთრეს აქვს მხოლოდ ამ ბინაში ცხოვრების უფლება - და სხვა არაფერი. 70 000 ადამიანი გვყავს უმუშევარი. მათთვის სამუშაო ადგილების შესაქმნელად საჭიროა 400 მილიარდი რუბლის ინვესტიცია აფხაზეთის ეკონომიკაში, მაგრამ ჩვენი წლიური ბიუჯეტი მხოლოდ 14 მილიარდია. როგორც რუსი, ისე აფხაზი ბიზნესმენები რუსეთის ფედერაციასა და თურქეთში მზად არიან დააფინანსონ ეს ამბავი. სამშენებლო სამუშაოების ეტაპზეც კი სახელმწიფო დიდ ფულს შოულობს, ჩნდება სამუშაო ადგილები, მაღაზიები, რესტორნები, ვითარდება სოფლის მეურნეობა. თუ 30 000 ოთახი აშენდება, ეს ეკონომიკაში 400 მილიარდ რუბლს მოიზიდავს“, - აღნიშნა მან.
ბჟანიას თქმით, ამ შემთხვევაში, „სახელმწიფო არაფერს რისკავს, ბიზნესმენები ყველა რისკს იღებენ“. ის ამბობს, რომ ვერასოდეს გაბედავს უწოდოს რუსეთის მოქალაქეებს „აფხაზეთის კოლონიზაციის უნარის მქონე ადამიანები“.
„ეს ჩემი პოლიტიკური ოპონენტების ტერმინია. აფხაზეთის ყოფილი ლიდერი ამბობს, რომ სტალინის დროს ქართველები აქ ზუსტად ასე ჩამოასახლეს. მაგრამ ის დუმს, რომ ქართველები უცხოელები არ იყვნენ, მათ ჰქონდათ სსრკ-ს მოქალაქეების ყველა მაშინდელი უფლება. როგორ შეგვიძლია შევადაროთ მათ ჩვენი უახლოესი მოკავშირე? რუსეთის ფედერაცია გვიშენებს საავადმყოფოებს, მუზეუმებს, სკოლებს და აღადგენს ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას. ეს ბრძოლა არის სპეცსამსახურების ქმედებები, რომელთა მიზანია ჩვენი ურთიერთობების გაფუჭება“, - დასძინა ბჟანიამ.
აფხაზი ლიდერი ამბობს, რომ "აფხაზეთში აპარტამენტები დღეს ისევე შენდება და იყიდება, როგორც ყველგან“.
ინფორმაციისთვის, "აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგების შესახებ" კანონპროექტის ინიციატორი აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანიაა. მის ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ, როგორც ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს არის უძრავი ქონების გაყიდვის ფარული ფორმა. მათივე განმარტებით, "კანონის" მიღების შემთხვევაში, "აფხაზეთში 100 ათასამდე ადამიანს შეუძლია დასახლება".
ბჟანიას "ადმინისტრაციის" მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 10-12 წლის განმავლობაში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს აპარტ-ოტელები, ჯამში 30 ათასი აპარტამენტით (ერთ რაიონში არაუმეტეს 5 ათასისა.
ცნობისთვის, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის "საბჭოთა აგარაკის" რუსეთისთვის გადაცემა 2023 წლის 27 დეკემბერს დაამტკიცა. მანამდე ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება ე. წ. პარლამენტმა მოახდინა.
მასალის გამოყენების პირობები