ალტ-ინფოს ლიდერსა და წევრს ზუგდიდში ჯგუფური ძალადობისთვის ბრალი წარედგინათ
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
საუბარია პრო-რუსულ ორგანიზაცია "ალტ-ინფოს" ლიდერ ზურაბ მახარაძესა და ამავე მოძრაობის წევრ გიორგი გოგიაზე. შემთხვევა 23 მარტს ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ამავე დღეს ორგანიზაციამ შეხვედრა ჩაატარა ზუგდიდის ოფისში.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 23 მარტს, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე "გ" ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები