ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
,,როგორც ცნობილია ბზობის დღესასწაულზე ტრადიციად ჩამოყალიბდა ბზის ტოტებით ეკლესიაში მისვლა. ამით გამოვხატავთ სურვილს, როგორც იერუსალიმში შევიდა მაცხოვარი, მსგავსად, თითოეული ჩვენგანის გულსა და ოჯახშიც შემოვიდეს იგი. თუმცა, რა თქმა უნდა ეს სიხარული არ უნდა გადავზარდოთ დაუფიქრებელ ქმედებებში, არ უნდა დავაზიანოთ ბუნება, რომელიც ღმერთმა ჩაგვაბარა. სამწუხაროდ, კოლხური ბზა დღეს სავალალო მდობარეობაში და გადაშენების პირასაა, ამიტომ ვთხოვთ ჩვენს მრევლს, მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ და არ დავაზიანოთ მცენარე. ბზობის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს ამინ'', - ვკითხულობთ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით ისჯება.
ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.
მასალის გამოყენების პირობები