შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი მეორე ახალი ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი გერმანიაში, „Airbus Helicopters”-ის საწარმოში გადაეცა.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, მესამე ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.
„ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.
აღსანიშნავია, რომ ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება ქართული ეკიპაჟის მიერ განხორციელდა, რომელთაც სრული გადამზადება გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს.
2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან სამი „H145“ ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით. მესამე ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები