სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ცოლად მოყვანის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავა.
ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე მ.კ.- მ ცოლად მოყვანის მიზნით, 23 წლის გოგოს მოტაცება განიზრახა. სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს ორი ინსპექტორის დახმარებით, დაზარალებული ქალი იძულებით მანქანაში ჩასვა და გაიტაცა. შემთხვევა 2024 წლის 25 მაისს, დაბა მესტიაში, თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შეტყობინების შემოსვლის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მოპოვებული იქნა გატაცების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რის შემდეგაც 2024 წლის 25 მაისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ იქნა სასაზღვრო პოლიციის ორივე თანამშრომელი, ხოლო მოქალაქე მ.კ. დაკავებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ“, - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამავე ცნობით, დაკავებულებს ბრალდება 48 საათში წარედგინება, სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას.
დანაშაული 7 - დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები