2024 წლის 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე - "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ"
რეზოლუცია მიიღეს. იგი საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერაა ინიციირებული.
წელს რეზოლუციას მხარი 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა, რაც, 3-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.
აღსანიშნავია, რომ, ისტორიაში პირველად, მხარდამჭერთა შორის სომხეთიც არის.
რაც შეეხება საქართველოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორს - ჩინეთს, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება აქვს გაფორმებული, მან კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. მასთან ერთად, კიდევ 51-მა ქვეყანამ პროცესში მონაწილეობა არ მიიღო.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს: რუსეთმა, ბელარუსმა, სირიამ, ზიმბაბვემ, ჩრდილოეთმა კორეამ, მალიმ, კუბამ, ბურუნდიმ, ნიკარაგუამ.
დოკუმენტით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი ქმედებებისგან გამოწვეული დემოგრაფიული ცვლილებები დაიგმო, დადასტურდა დევნილთა უფლება, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ. ასევე, ხაზი გაესვა მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.
ამასთან, რეზოლუცია ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდებს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ძალისხმევა გაააქტიურონ.
მასალის გამოყენების პირობები