აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში ბიუჯეტით განსაზღვრული "მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის" პროექტის შესყიდვის პროცესი ნაკლოვანებებით მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვეცნობით.
კერძოდ, როგორც უწყება აცხადებს, 2022 წელს სამინისტრომ სამედიცინო საგნებისა და მომსახურების შესყიდვაზე 31 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, ჯამური ღირებულებით 1.3 მლნ ლარი. აქედან, ხუთი ტენდერი არ შედგა, რადგან მონაწილეობა არ მიიღო არცერთმა პრეტენდენტმა, სამი ტენდერი კი უშედეგოდ დასრულდა პოტენციური მიმწოდებლების დისკვალიფიკაციის გამო.
"იდენტური სატენდერო პირობებით გამოცხადებულ ახალ ტენდერებში მონაწილეობა მიიღეს სავარაუდო მომწოდებლებმა. საბოლოოდ, შედგა 790 ათასი ლარის სავარაუდო ღირებულების 23 ტენდერი, რაც მიუთითებს სამინისტროს მიერ პოტენციურ მომწოდებლებთან არასაკმარის კომუნიკაციაზე. შედეგად, ბენეფიციარებს მომსახურება დროულად ვერ მიეწოდათ", - მითითებულია ანგარიშში.
ინფორმაციისთვის, უწყების დოკუმენტში, ასევე, საუბარია ნოქალაქევის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელშიც როგორც აუდიტი ადგენს, ხარჯთაღრიცხვები ხელოვნურადაა
გაზრდილი და სამუშაოების შემსრულებელს 277.8 ათასი ლარი ზედმეტად აუნაზღაურდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განმარტავენ, რომ ქვეყნის მასშტაბით, შესყიდვების მართვის პროცესი, თითქმის ყველა ეტაპზე, ხარვეზებით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები