სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, პარლამენტში, სუს-ის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფოსთვის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით ყველაზე დიდ საფრთხეს კვლავ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და მისი თანმდევი პროცესები წარმოადგენდა.
მან აღნიშნა, რომ „რუსეთ-უკრაინის ომის მიუხედავად, ისევე როგორც გასულ წელს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კვლავ აქტიურად გრძელდებოდა უკანონო სამხედრო აქტივობები, მათ შორის, უკანონო სამხედრო წვრთნები და პირადი შემადგენლობის როტაცია“.
ლილუაშვილის თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში გრძელდებოდა უკანონო დაკავებები და უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, რომლის მთავარ მიზანს „მოსახლეობაში დაუცველობის განცდის გაღვივება, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და საზოგადოებაში ნიჰილიზმის გავრცელება წარმოადგენდა“.
ბიჭვინთის აგარაკების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ნექსიის გამოხატულება უწოდა. მან აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.
„აღნიშნული პროცესის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებით მოსკოვმა დემონსტრირება მოახდინა, რომ მისი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა, მოსახლეობაში გაჩენილი უკმაყოფილების მინიმიზებისთვის საოკუპაციო ძალა მუდმივად ცდილობდა წარმოჩენას, თითქოს ე.წ. სახელმწიფო აგარაკის გასხვისების შესახებ ე.წ. შეთანხმებაზე უარის თქმა პირდაპირ უკავშირდებოდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ინტერესებს და რუსეთთან ოკუპირებული აფხაზეთის ურთიერთობას დააზიანებდა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში „აპარტ-ოტელებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“ კანონპროექტი ასევე ანექსიური პოლიტიკის ინსტრუმენტია, ვინაიდან „ხსენებულით შესაძლებელი გახდება რუსეთის მოქალაქეების მიერ ოკუპირებულ რეგიონებში უძრავი ქონების შეძენა და მნიშვნელოვანი დემოგრაფიული დისბალანსის შექმნა“.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა მიმდინარე წლის აპრილში
განაცხადა, რომ ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკის“ რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის საკითხს „წერტილი დაესვა“.
„ეს არის სამთავრობათაშორისო შეთანხმება, რომელიც რატიფიცირებულია პარლამენტის მიერ. არაფრის გადახედვას არ ვაპირებთ, არ მიგვაჩნია საჭიროდ“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტმა 2023 27 დეკემბერს გამთენიისას მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების
რატიფიცირება. დოკუმენტის თანახმად, ბიჭვინთის ცნობილი "სახელმწიფო აგარაკი" და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში 49 წლიანი იჯარით გადადის. მასთან ერთად, ხელშეკრულება ამ მიწის მიმდებარედ, საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები