სოხუმი და დონეცკი (მუნიციპალური წარმონაქმნი) დაძმობილებული ქალაქები გახდნენ, „ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ“ მემორნადუმის ხელმოწერის ცერემონია, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „მინისტრთა კაბინეტის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. მას აფხაზი ლიედრი ასლან ბჟანია ესწრებოდა, წერს „აფსნიპრესი“.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ და ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა ალექსეი კულემზინმა. გამოცემის ცნობით, ღონისძიება ქალაქის დღის აღსანიშანავად გამართული ზეიმის ფარგლებში შედგა.
ცნობისთვის, 2022 წლის მარტში ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ აღიარა. მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოხუმმა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ "დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და ნოტები გაცვალეს".
26 თებერვალს, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. იმავე წლის 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი".
საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის " დამოუკიდებლობა სირიამ 2018 წელს, მანამდე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა, იმავე წლის სექტემბერში კი ნიკარაგუამ აღიარეს.
2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ვენესუელამ და ნაურუმ ცნეს.
მასალის გამოყენების პირობები