მესტიაში საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც წელს მეოთხედ გაიმართა დასრულდა.
როგორც
ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, კინოფესტივალის საპატიო სტუმარი შვედი რეჟისორი რუბენ ოსტლუდი იყო.
სწორედ მესტიაში, სეტის მოედანზე მისი ფილმის "კვადრატი" ჩვენება გაიმართა, რომელსაც მიღებული აქვს ოქროს პალმის რტო კანის 75-ე კინოფესტივალზე.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამა, ასევე გაიმართა მოკლემეტრაჟიანი საკონკურსო პროგრამების პროექტების პრეზენტაცია.
კინოფესტივალის მთავარი ჯილდო ქალღმერთი დალის პრიზი ,,საუკეთესო რეჟისურისთვის'' ქართველ კინორეჟისორს თემურ ჩოპლიანს გადაეცა, გამარჯვებულები გამოვლინდნენ ასევე სხვა საპრიზო კატეგორიებში.
წლევანდელ ღონისძიებას ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე დაესწრო. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები აუცილებელი და მნიშვნელოვანია.
,,პირველად ვარ სვნეთში, ძალიან ბედნიერი ვარ და ამას ემატება ის რომ, აქ ჩამომიყვანა კინოს სიყვარულმა, პირველ რიგში მარიამ ხაჭვანის დაპატიჟებამ, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. არასდროს არ ვყოფილვარ მესტიაში, ჩემს ახალგაზრდობაში, როდესაც საქართველოში ვცხოვრობდი, მაშინაც ვერ მოვახერხე ამ მხარის ნახვა, ეს იყო პირველი დღე სიზმარივით, აქ რომ დაჯდა დილაუთენია თვითმფრინავი, მივხვდი რომ სიზმარში ვარ.... კინოს სიყვარული აერთიანებს ყველას, ვინც აქ არის. ასეთი შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც ყველას გვაძლევს ,,რეფრეშსს’’ თავისთავად, ვუსმენთ სხვებს, რაღაცას ვსწავლობთ ყოველთვის ამ გაცვლითი შეხვედრებით... ბედნიერი ვარ რომ აქ ვარ’’,- თქვა მერაბ ნინიძემ.
წელს ფესტივალი მესტიაში 15 - 21 ივლისს ჩატარდა. მისი დამფუძნებლები არიან რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და პროდიუსერი თეიმურაზ ჩხვიმიანი. კინოფესტივალის მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა კინემატოგრაფებს სხვადასხვა საინტერესო პროექტის განხორციელებასა და განვითარებაში.
მასალის გამოყენების პირობები