დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კვორუმი კვლავ ვერ შედგა. ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში სხდომებს არ
ესწრებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და"ქართული ოცნების" დეპუტატები. შესაბამისად, საკრებულოში, დაახლოებით, სამი თვეა სხვადასხვა საკითხის განხილვა შეფერხებულია.
"მათი ბოიკოტის ფონზე, შეჩერებულია რიგი საკითხების განხილვა, მათ შორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში დამატებით 3 მილიონი ლარის ასახვა, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის 710 000 ლარის დამატება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის 1700 დევნილისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური კონცეფცია. მოვუწოდებ, ქართულ ოცნებას, პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ ქმედებაზე, გამოცხადდნენ სხდომებზე და ნუ აფერხებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას", - განმარტა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა ფარულავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, 8 ივლისს გამოქვეყნებულ მიმართვაში.
ზუგდიდის საკრებულოში თავმჯდომარისა და კომისიების წევრთა იმპიჩმენტის შესახებ წინადადება "ქართულმა ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" 10 აპრილს დაარეგისტრირეს. 31 მაისიდან წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობა შეფერხებულია. ამ დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები შენობაში არ გამოცხადდნენ, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა კი, სხდომათა დარბაზში ყოფნის მიუხედავად, რეგისტრაცია არ გაიარეს.
განახლებულ სხდომაზე პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენლის გიგა ფარულავას, მისი სამივე მოადგილის - ამავე პარტიის წევრ მალხაზ თორიას, ყოფილი ენმ-სა და ამჟამად "ახალის" წევრების თემურ ბასილაიასა და კახაბერ ჩანგელიას პოსტებიდან გადაყენებას კენჭი უნდა უყარონ.
გადაწყვეტილების მისაღებად, 45 მანდატიან საკრებულოში, სულ ცოტა, 23 ხმაა საჭირო, თუმცა, "ქართულ ოცნებას" მხოლოდ 20 წარმომადგენელი ჰყავს.
ამავე თემაზე:ზუგდიდის საკრებულოში კვორუმი კვლავ ვერ შედგა, სხდომა 30-ედ ჩაიშალა
ზუგდიდის საკრებულოში თავმჯდომარისა და კომისიის ხელმძღვანელების გადაყენება 21-ედ გადაიდო
საკრებულოს სხდომა, რომელზეც თავმჯდომარის გადაყენება უნდა განიხილონ, დროებით გადაიდო
მომავალ კვირაში ზუგდიდის საკრებულო ოპოზიციონერი თავმჯდომარის, მოადგილეებისა და თანამდებობის პირების გადაყენებას განიხილავს
ოპოზიციონერი თავმჯდომარისა და კომისიების ხელმძღვანელების გადაყენება, შეუმდგარი კვორუმი და ბრალდებები - რა ხდება ზუგდიდის საკრებულოში
მასალის გამოყენების პირობები