15 გვისტოს მესტიაში, კალას ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხალდეში წელს უკვე მეოთხედ "ხალდეობის" ღონისძიება გაიმართება.
როგორც მერიის გვერდზე ვკითხულობთ, ღონისძიებას 15:00 საათზე გახსნის ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლი "რიჰო", რომელიც ძველ სვანურ სიმღერებს შეასრულებს.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ხალდეს აჯანყების ამსახველი ისტორიული ფოტომასალის გამოფენა. ასევე წარმოდგენილი იქნება სვანური კუთხე და სვანური სამზარეულო, რომლის დაგემოვნების საშუალება უფასოდ ექნება ღონისძიების ყველა ვიზიტორს.
ცნობისთვის, 1875-1876 წლებში რუსულმა ჯარმა სვანური სოფელი ხალდე მიწასთან გაასწორა და აკრძალა ამ ტერიტორიაზე დასახლება. მას წინ უძღოდა ადგილობრივების აჯანყება, რომელიც მიმართული იყო რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ.
აჯანყების ცოცხლად გადარჩენილ ყველა მონაწილეს ხანგრძლივი კატორღა ან სამუდამო გაციმბირება მიესაჯა.
მასალის გამოყენების პირობები