საპენსიო აქტივების მოცულობამ 5.3 მილიარდ ლარს გადააჭარბა, - სააგენტო
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების ღირებულება 5.3 მლრდ ლარს შეადგენს.
ამავე მონაცემებით, 2024 წლის ივლისში თითქმის ერთი წელი გავიდა სამი პორტფელის გაშვებიდან. ამ პერიოდში აკუმულირებული ამონაგებით, როგორც ნომინალურ, ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს.
„2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 12.6% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 11.5% და 9.9% იყო. ივლისის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 52%, დაბალანსებულში 32%, ხოლო კონსერვატიულში 18% იყო,“- ნათქვამია საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაში.
აქვე აღნიშნულია, რომ საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.539 მილიონი ადამიანია, დაგროვებითი პენსიით კი საანგარიშო პერიოდში, ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 11.858-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 42.3 მლნ ლარი.
მასალის გამოყენების პირობები