გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 24 აგვისტოს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა და მომდევნო წლის 1-ელ მარტამდე გაგრძელდება.
უწყების ცნობით, ნადირობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში, მათ შორის: საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე.
,,გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი). გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში, თან უნდა იქონიოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. 7 დღის შემდეგ დოკუმენტები აისახება დეპარტამენტის ელექტრონულ ბაზებში. ასევე, ნადირობისას, მონადირემ თან უნდა იქონიოს შსს-ის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ნადირობა აკრძალულია ყველა სხვა იარაღიდან, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღიდან და სანადირო პნევმატური იარაღიდან'', - განმარტავს სამინისტრო.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ უკანონო ნადირობაზე ჯარიმა, მონადირებული ობიექტის სახეობისა და ნადირობის კონკრეტული წესის დარღვევის მიხედვით, 150-დან 3000 ლარამდე მერყეობს.
უმრავლეს შემთხვევაში, კანონი მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის ან მოწყობილობის კონფისკაციასაც ითვალისწინებს. რიგ შემთხვევებში კი, სამართალდამრღვევს, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება 1, 2 ან 3 წლით ჩამოერთმევა.
ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით ვრცლად იხილეთ მითითებულ
ბმულზე.
მასალის გამოყენების პირობები