"ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში ინიციირებული და 84 ხმით მიღებული "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის მიხედვით, დაახლოებით 1000 მსჯავრდადებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო 4 800-მდე ადამიანს სასჯელი
სხვადასხვა ვადით შეუმცირდება (1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით). ვადა არანაკლებ ერთი წლით შეუმცირდება 7000-მდე პრობაციონერსაც. ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ვებ გვერდზე ვკითხულობთ.
მათი ინფორმაციით, კანონი სისხლის სამართლის კოდექსის 300-მდე მუხლს მოიცავს და ვრცელდება როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებაზე, ასევე პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე. კონკრეტული მუხლების
ჩამონათვალი ორგანიზაციამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
"ამნისტია გავრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც დანაშაული 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინეს.
ცალკეული მუხლების შემთხვევაში ამნისტიის გავრცელებისათვის დაზარალებულის თანხმობაა აუცილებელი, თუმცა თუ პირი ვერ მოიპოვებს ამნისტიაზე დაზარალებულის თანხმობას, მასზე მაინც გავრცელდება სასჯელის შემცირება უფრო ნაკლები ოდენობით.
ცალკეულ შემთხვევებში ამნისტიის გავრცელების პირობას წარმოადგენს განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის არქონა. ნარკოტიკულ დანაშაულებზე მიუხედავად ნასამართლობისა მაინც ვრცელდება ამნისტია. ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირებს, სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებასთან ერთად აღუდგებათ "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონის საფუძველზე ჩამორთმეული ზოგიერთი უფლება.
უმეტეს შემთხვევაში ორი მესამედით შეუმცირდება დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე ქალს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი 17 სექტემბერს მიიღო და ის ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე. მისი აღსრულება, კონკრეტული გამონაკლისების გარდა, კანონის ამოქმედებიდან ხუთი კვირის ვადაში უნდა დასრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები