დღეს, საზღვრისპირა სოფელ ხურჩაში, ქართულ - აფხაზურ - ოსური სამზარეულოს ფესტივალი ჩატარდა.
ღონისძიება ადგილობრივი მცხოვრებლების ჩართულობით, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით გაიმართა.
მას ასევე ესწრებოდნენ ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ წარმომადგენლები. ორგანიზაციის დამფუძნებლის ალუ გამახარიას თქმით, ფესტივალი მშვიდობის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
“ხურჩა ენგურს გამოღმა მდებარე, აფხაზეთის უშუალოდ მოსაღვრე პატარა ქართული სოფელია, რომელმაც აფხაზეთის ომის მთელი სისასტიკე თავის თავზე იწვნია. ჩვენ ჩავედით ამ სოფელში, რათა პატივისცემა გამოგვეხატა მისი გმირი მოსახლეობისადმი და სწორედ, ამ ადგილიდან მტკიცედ გვეთქვა მთელი მსოფლიოსთვის - არა ომს!“, - აღნიშნა მან.
მისივე ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებმა და სტუმრებმა, აფხაზეთიდან დევნილი ჯამბულ ეხავიას მიერ მოწყობილი დეკორატიული და ეგზოტიკური მცენარეების ორანჟერეაც მოინახულეს, შემდეგ კი ონლაინ - შეხვედრა გაიმართა ქართველების, აფხაზების და ოსების მონაწილეობით.
მასალის გამოყენების პირობები