გალის რაიონში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან, ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი უშლის ხელს.
გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციამ, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გალის რაიონის სამმართველოს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, 29 სექტემბერს, განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას სიფხიზლისკენ მოუწოდა, რადგან არსებობდა საცხოვრებელ სახლებთან ცეცხლის მიახლოების საფრთხე. ინფორმაციას „გალ მედია“ ავრცელებს.
ამავე ცნობით, ხანძრის ყველაზე დიდი კერა გალის სამხრეთით გაჩნდა, სადაც მანდარინის პლანტაციები იწვის, ამ ეტაპზე ცეცხლი 14 ჰექტარზეა გავრცელებული.
ხანძარია ქალაქ გალშიც, გალის რაიონის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ცეცხლის ქრობაში ჩართულია ენგურჰესის სახანძრო ბრიგადა.
გვიან ღამით, გალში ოპერატიული შტაბის თათბირი გაიმართა, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. „საგანგებოს“ ხელმძღვანელმა ლევ კვიცინიამ განაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და იმედი გამოთქვა, რომ დილიდან მეხანძრეები ქ. გალში ხანძრის ლოკალიზებას შეძლებენ. რაც შეეხება მანდარინების პლანტაციებზე გავრცელებულ ხანძარს, მისი თქმით, იქ უფრო რთული ვითარება და ძნელად მისადგომი ადგილებია, შესაბამისად იმოქმედებენ სიტუაციის შესაბამისად, ცეცხლის კერების ჩასაქრობად. მისივე თქმით, რესურსი ამისთვის საკმარისი აქვთ.
მასალის გამოყენების პირობები