ზუგდიდში, 13 ოქტომბერს ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზია "ჯი ჯი"-ში "პარაშუტ ფილმსის" ორგანიზებით, ელენე მიქაბერიძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის “ლურჯი მოცვი” (Blueberry Dreams) ჩვენება გაიმართა.
ღონისძიების შემდეგ, დამსწრეებს შეხვდნენ რეჟისორი და ფილმის გმირები.
„ფილმში მელაძეების ოჯახის ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან სულ რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობს. ოჯახი მომავლის იმედებს მოცვის პლანტაციაზე ამყარებს. სოსო და ნინო თავდაუზოგავად შრომობენ, მუშაობაში შვილები - ლაზარე და გიორგიც ეხმარებიან, თუმცა მათ სულ სხვა ოცნებები აქვთ. ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებას, ბედნიერებას თუ სირთულეს მუდამ თან ახლავს ოცნება ახალი მომავლის შესაძლებლობაზე“, - ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.
რეჟისორის თქმით, გადაღების ინსპირაცია საკუთარი ბავშვობა გახდა. ამით მას სურდა, მოეყოლა ამბავი, თუ როგორ მოქმედებს კონფლიქტები ბავშვებსა და მათ წარმოსახვაზე.
XX„ერთი ოჯახის მაგალითზე, თუ როგორ ცდილობენ ისინი მოცვის პლანტაციის გაშენებას ამ მყიფე მიწაზე, ვეცადე დამესვა ის კითხვები, რომლებიც წლების განმავლობაში დამებადა. ჩემი ფილმი იკვლევს იდენტობას, მოზარდობას და პოლიტიკას. ამბავი ასახავს, თუ როგორია იზრდებოდე არასტაბილურ ქვეყანაში და მაინც ოცნებობდე“, - ამბობს ის.
ცნობისთვის, „ლურჯი მოცვის“ მსოფლიო პრემიერა 19 მარტს კოპენჰაგენის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. ფილმი ასევე აჩვენეს ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე BRIFF (ბელგია), არლის ფოტო და კინოფესტივალზე Les Rencontres de la Photographie (საფრანგეთი).
2024 წლის 18 ივლისს ფილმის რეგიონული პრემიერა ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე (კიევი, უკრაინა) გაიმართა. რეჟისორი თავად ესწრებოდა ჩვენებას და ფესტივალზე ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა.
მასალის გამოყენების პირობები