ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების აღდგენის საკითხის განხილვა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც რესპუბლიკა "მოსკოვთან ურთიერთობებზე სპეკულირებას შეწყვეტს“.
ამის შესახებ რუსეთის დუმის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განუცხადა რუსულ მედიას.
„ერთის მხრივ, გვთხოვენ აფხაზეთის ნებაყოფლობით სუბსიდირებას, მეორე მხრივ კი პატივს არ სცემენ საკუთარ შეთანხმებებს, რომლებსაც ხელი მოაწერეს და მეტიც, მათ შიდაპოლიტიკური ანგარიშსწორების საბაბად იყენებენ“, - აღნიშნავს ის.
ზატულინი დასძენს, რომ რუსეთს არ აქვს საფუძველი, ენდოს „აფხაზეთის რაიმე გარანტიას, სანამ ოპოზიცია და ხელისუფლება არ შეასრულებენ შეთანხმებებს“.
„თუ რესპუბლიკას არ სურს რუსებს მისცეს ის უფლებები, რაც აფხაზებს აქვთ რუსეთში, მაშინ მათ ფინანსური დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეთ“, - განმარტა ზატულინმა.
მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ადგილობრივმა ოპოზიციამ არაერთხელ გამოხატა შეშფოთება „ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე“ რუსეთის კანონიერი ყოფნის გამო.
ზატულინმა პროვოკაცია უწოდა, ოკუპირებულ აფხაზეთში სკოლების და ბაღების დახურვის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, ჯობდა, რომ დე ფაქტო მთავრობას აეკრძალა მაინინგი, რომელიც „რესპუბლიკის მთლიანი ელექტროენერგიის დაახლოებით 45 პროცენტს მოიხმარს“.
„სუბსიდიებზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, რაც „აფხაზეთის ხელისუფლება ანტირუსულ საქმიანობაში ჩართულებს დასჯის“, - ამბობს ის.
ცნობისთვის, სოხუმში აცხადებენ, რომ ენერგოკრიზისის გამო, შესაძლოა,
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოუხდეთ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას
გადადგომის და მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“
ჩაგდების შემდეგ, შემდეგ რუსეთმა თითქმის სრულად
შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება.
მასალის გამოყენების პირობები