სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 130 000 მოქალაქეს ჩაუტარდა - სამინისტრო
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება.
მათივე ცნობით, იმუნიზაცია, ყველა მოქალაქისთვის უფასოა და Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, 4-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც, სამინისტროს თქმით, ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
„ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით, 130 000 მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა, ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში, 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი“,- ვკითხულობთ ინფორმაციაში.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ აცრა გრიპისა და მისი გართულებების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფების - ასაკოვანი ადამიანების, ორსულების, მცირეწლოვანი ბავშვებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ყოველწლიური ვაქცინაცია.
მასალის გამოყენების პირობები