ბოლო ორი კვირაა სამეგრელოში სეზონური ვირუსების რაოდენობამ იმატა და სამედიცინო ცენტრებში მიმართვიანობა გაიზარდა.
რუხის კლინიკური დირექტორი გიგა ფარფალია რადიო
"ათინათთან" ამბობს, რომ მიმდინარე თვეში ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და ჰოსპიტალში ვირუსული პნევმონიით, ქრონიკულ და ხანდაზმულ პაციენტებს მკურნალობენ.
მისი თქმით, პნევმონიით გართულებული პაციენტების მომართვიანობა ოკუპირებული აფხაზეთიდანაც გაიზარდა.
,,დაახლოებით სხვა თვეებში, ოქტომბერ - ნოემბერში თუ იყო 15 პაციენტი ვირუსული პნევმონიით და გართულებული, ამ თვეში დაახლოებით 35 პაციენტზე გადავედით განყოფილებაში. აქ კლინიკაში ასაკოვანი და ქრონიკული პაციენტებია, ვისაც გრიპის ობსტრუქციული დაავადებები აქვთ, გულის უკმარისობის და ა.შ. აფხაზეთიდანაც არის დიდი მომართვიანობა, პნევმონიით გართულებული პაციენტების, როგორც სტაციონარში იქაური მწოლიარე პაციენტების, რომლებიც გადმოგყვავს, ასევე თვითმომართვიანობა’’, - განმარტა რუხის კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა გიგია ფარფალიამ.
ევექსის კლინიკური ხელმძღვანელი სულხან ორჟონია აცხადებს, რომ სეზონური ვირუსის შემთხვევებმა ბოლო ორი კვირაა მოიმატა. მისივე ინფორმაციით, ძირითადად ცირკულირებს H1N1 და წამყვანი სიმპტომია, ცხელება, ხველა და კუნთების ტკივილი.
,,სეზონური გრიპია, მომართვიანობამ იმატა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ძირითადად ცირუკულირებს H1N1, ძირითადი სიმპტომები ეს არის ცხელება, ხველა, კუნთების ტკივილი, ძალიან მძიმე მდგომარეობით არ ყოფილა პაციენტი, რომელსაც დასჭირდა მართვით სუნთქვაზე გადაყვანა’’, - ამბობს სულხან ორჟონია.
მან აღნიშნა, რომ ყოველდღე საავადმყოფო სეზონური ვირუსით დაინფიცირებულ 15 - მდე პაციენტს იღებს.
სამედიცინო ცენტრ ,,ენელაის’’ დირექტორის მოადგილემ ნუკრი ნადარაიამ რადიო
,,ათინათს’’ უთხრა, რომ კლინიკაში მიმდინარე თვეში ზედა სასუნთქი გზების ინფექციებმა იმატა, თუმცა საგანგაშო ვითარება არ შეინიშნება.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას თქმით, ვირუსული ინფექციით, განსაკუთრებით გრიპით, დეკემბრის ბოლოს მომართვიანობა მატებისკენ იყო მიმართული. ის ამბობს, რომ სეზონური ვირუსია და რეგიონში ვითარება ამ ეტაპზე საგანგაშო არ არის.
,,დეკემბრის ბოლოს აშკარად მატებისკენ იყო მიმართული მომართვიანობა, რაც შეეხება ვირუსების გავრცელებას ძირითადად გრიპი ცირკულირებს ჩვენს რეგიონში, მოსახლეობას შეუძლია გააგრძელოს აცრების ჩატარება, გვაქვს ჩვენ ამის საშუალება საამბულატოროს მიმართოს პაციენტმა და ჩაიტაროს გრიპის სააწინააღმდეგო აცრა. ვირუსი საგანგაშო ფონურ მაჩვენებელზე მაღალი არ არის ამ ეტაპზე, სეზონური ვირუსია და ამ სეზონზეც მატება შეიმჩნევა, თუმცა ფონურ მაჩვენებელზე მაღალი არ არის და ეპიდემიური ხასიათი ნამდვილად არ შეუძენია’’, - გვითხრა ნანა ოდიშარიამ.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს, გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად ჩაიტარონ ვაქცინაცია.
მასალის გამოყენების პირობები