ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პროევროპული აქციის მონაწილეების, ცაბუნია ვართაგავასა და კერენ ესებუას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობად 2000-2000
ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
ვართაგავას თქმით, ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
"არ ვცნობ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილ კანონს. სამართლებრივ დავაში ჩემი შესვლა აბსოლუტური აბსურდი იყო. როდესაც კანონს არ აღიარებ, არ უნდა ამტკიცო, რომ იმავე კანონის მიხედვით მართალი ხარ", - უთხრა რადიო "ათინათს" ვართაგავამ.
რაც შეეხება კერენ ესებუას, ის სასამართლო პროცესზე, პროტესტის ნიშნად, არ გამოცხადდა, თუმცა სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ხელში საპროტესტო შინაარსის ბანერები ეჭირა.
"არ ვაღიარებ ამ კლანურ სასამართლოს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი იყენებს, როგორც სადამსჯელო მექანიზმს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რეჟიმს არ აწყობს და აშინებს. არალეგიტიმურად ვცნობ ამ კანონებს და მთავრობას. მოვედი სასამართლოსთან ბალაკლავით, მაგრამ ტერიტორიაზე არ შევდივარ, ვგავარ და ვაპროტესტებ. ვითხოვ, გათავისუფლდეს რეჟიმის ყველა ტყვე", - ამბობს ესებუა.
სასამართლო პროცესზე გამოცხადებულმა პოლიციელებმა განმარტეს, რომ აქციის მიმდინარეობისას ესებუას იდენტიფიცირების პრობლემა არ ყოფილა და, როგორც მათ თქვეს, აქციის მონაწილემ დემონსტრაციულად უგულებელყო კანონი.
საქმეებზე გადაწყვეტილება მოსამართლეებმა ირაკლი აბშილავამ და ფატი ფურცხვანიძემ მიიღეს.
შეგახსენებთ, აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლით დააჯარიმეს, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს.
ზუგდიდში, აქციებზე ბალაკლავის ტარებისთვის ესებუა სამჯერ, ვართაგავა კი ერთხელ დააჯარიმეს. გუშინ, 13 იანვარს, საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკის გამოყენების დროს მარიამ სიჭინავა დააკავეს. ის უკვე ექვსჯერაა დაჯარიმებული. ადვოკატის თქმით, სიჭინავა სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
ამავე თემაზე:
მარიამ სიჭინავა სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი - ადვოკატი
ზუგდიდში, აქციის მსვლელობისას, „დროას“ აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს
მასალის გამოყენების პირობები