ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში რძის პროდუქტების მწარმოებელი ქარხანა აშენდება.
საწარმო ამოქმედდება შეღავათიანი დაკრედიტების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოხუმი მოსკოვის თანადაფინანსებით ახორციელებს, წერს ინტერნერ გამოცემა „აიაირა“. საწარმოს თანამფლობელის ბატალ ძიაპშბას განცხადებით, ქარხნის აღჭურვილობა იტალიაში შეუკვეთეს და მას მარტის ბოლოსთვის ელოდებიან.
მისივე ცნობით, ქარხნის თანამშრომლებს, ერთი წლის განმავლობაში გადაამზადებენ პარმიდან მოწვეული ტექნოლოგები. საწარმოს კიდევ ორ მომავალ თანამშრომელს კი „მოსკოვის ლიანოზოვის რძის კომბინატში გაგზავნიან, საჭირო უნარ-ჩვევების შესაძენად“.
ამავე ინფორმაციით, ქარხნის პროდუქცია (არაჟანი, რძე, კეფირი, იოგურტი) ადგილობრივი ბაზარზე იქნება გათვლილი, ნედლეულს ასევე ადგილობრივი ფერმერებისგან შეიძენენ. ძიაბშბას მტკიცებით, რძის ქარხანა, რომელშიც 70 - მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება, მიმდინარე წლის ივლისში ამუშავდება.
2024 წლის ივლისში, აფხაზურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, „შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამის“ ფარგლებში, ოჩამჩირეში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკონტეინერო
ტერმინალის მშენებლობის შესახებ.
2023 წლის ოქტომბერში ყოფილმა "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ ოჩამჩირის რაიონში რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსება დააანონსა.
თუმცა იმავე წლის აგვისტოში, ოკუპირებული აფხაზეთის მაშინდელმა „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ სერგეი შამბამ, განაცხადა, რომ ოჩამჩირეში რუსული საზრვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსება არ იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები