ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2024 წლის 19 მაისს სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
მათივე ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
უწყების განმარტებით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 19 მაისს, სენაკში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, დანით შეიარაღებულმა ბრალდებულმა დაზარალებულს ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
მათი თქმით, ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე მყოფ სხვა პირებზე იძალადა და მათ მოკვლას ცდილობდა. სამართალდამცველებმა ის იმავე დღეს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ლ“ (ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) და 238 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სენაკში მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. 2024 წლის 19 მაისს დააკავეს.
ამავე თემაზე:
სენაკში მკვლელობის ბრალდებით 21 წლის მამაკაცი დააკავეს
სენაკში ერთი ძმა მოკლეს, მეორე დაჭრეს
სენაკში მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს - ადვოკატი
მასალის გამოყენების პირობები