წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ინწრას ხეობის სათავეში მეწყერი ჩამოწვა. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ვანო ბურდულმა უთხრა.
მისი თქმით, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა.
„20 თებერვალს, დაახლოებით, 17:00 საათისთვის წყლის მიწოდება შეწყდა ჩქვალერში. მის გარდა, სამი ადმინისტრაციული ერთეული მარაგდება ამ წყლით. იქ არის ორი დიდი მილი, საიდანაც მოედინება წყალი. შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ ადგილზე და ნახეს, რომ ამ ადგილას გარკვეული ბუნებრივი აუზივით არის შექმნილი სათავეში, რომელიც ჩამოშლილი აღმოჩნდა და ის მილებიც ხეობაში ჩამოიტანა. ადგილზე სამუშაოების წარმოება, ამ ეტაპზე, შეუძლებელია, რადგან გაყინულია ტერიტორია და საკმაოდ დიდი თოვლია. გარდა ამისა, ტექნიკა ვერ მივა, მხოლოდ ხელით სამუშაოებია საჭირო. აღდგენის პროცესი ამინდებზეა დამოკიდებული“, - გვეუბნება ბურდული.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, ტერიტორიის ჩახერგვის და დაგუბების საშიშროება არ არსებობს და სიტუაცია სრულად კონტროლირებადია.
ფოტო: წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია
მასალის გამოყენების პირობები