მოსკოვში აცხადებენ, რომ „ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას აფხაზეთში, რომელსაც რუსეთს დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს“.
ხვალ, 1 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მასში მონაწილეობას ორი კანდიდატი მიიღებს, ბადრა გუნბა, რომელაც კრემლი ღიად უჭერს მხარს და აფხაზი ოპოზიციონერი, - ადგურ არძინბა.
ზახაროვას თანახმად, რუსული მხარე აფხაზეთში თავის დამკვირვებლებს გზავნის, რომლებიც „უცხო კოლეგებთან ერთად განახორციელებენ საარჩევნო პროცესის მონიტორინგს“.
მისი თქმით, „ნოემბრის არეულობის შემდეგ, აფხაზეთში შიდა პოლიტიკური ვითარება სრულად არ ჯერ არ დასტაბილურებულა“.
აქედან გამომდინარე, „მოსკოვი მოელის, რომ საარჩევნო ციკლის დასრულება გამოიწვევს რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებას და მისი კეთილდღეობის ზრდას რუსეთთან მოკავშირე ურთიერთობებზე დაყრდნობით“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
მან ასევე ჩამოთვალა ის პროექტები, რომლებიც მოსკოვმა სოხუმში განახორციელა ბოლო თვეებში :
„ჩატარდა სოხუმის აეროპორტის ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია, ადგილობრივ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიხსნა ტელემედიცინის ცენტრი, დაიწყო აფხაზი მოსწავლეების ზოგადი სამედიცინო გამოკვლევის პროგრამა და დამატებით, ბევრი რამე გაკეთდა“.
„საპრეზიდენტო“ არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 15 თებერვალს გაიმართა, დე ფაქტო ცეკოს მონაცემებით, ბადრა გუნბამ ხმების 46,38% მიიღო, ხოლო ადგურ არძინბამ – 36,92%.
ცნობისთვის, ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებმა ბადრა გუნბამ და ადგურ არძინბამ არჩევნების მეორე ტურის წინ შეთანხმებას მოაწერეს ხელი და "მშვიდობიან" წინასაარჩევნო კამპანიაზე
შეთანხმდნენ.
გარდა ამისა, მათ დაადასტურეს თავიანთი „ერთგულება 2024 წლის 19 ნოემბრის შეთანხმების მიმართ და გააგრძელეს მისი მოქმედება 2025 წლის 2 მარტამდე“.
ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა.
მასალის გამოყენების პირობები