მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას ტყის ხანძრებთან დაკავშირებით აფრთხილებს. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მიზანმიმართულად არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.
”მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მივმართავთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ტყის მასივში კოცონის დანთებისგან, ასევე, არ დატოვონ უყურადღებოდ, თვითაალებადი საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
აღნიშნულმა ქმედებებმა შესაძლოა ცეცხლის უკონტროლო გავრცელება და გარემოს დაზიანება გამოიწვიოს”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს.
მასალის გამოყენების პირობები