განმუხურში ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი და ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
განმუხურში ზღვის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი და ნაპირაღდგენის სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 7 724 134 ლარი გამოიყო. შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შემდეგი სამუშაოები უნდა შეასრულოს: სამშენებლო ტექნიკის სამოძრაოდ პლაჟის გასწვრივ დროებითი გზის მოწყობა (მოხრეშვა), უბანზე შემოტანილი ბალასტით ხელოვნური პლაჟის შექმნა, სამუშაო ადგილის ფარგლებში მდებარე ხეების და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება, მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა და აშ.
ტენდერში წინადადებების მიღება 8-დან 13 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. გამარჯვებულმა კომპანიამ დოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნები შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 4 თვეში უნდა დაასრულოს.
ცნობისთვის, განმუხურის სანაპირო ზოლის ნაპირდაცვითი/ნაპირაღდგენითი ღონისძიებებისთვის მსგავსი ტიპის ტენდერი 2018 წელსაც გამოცხადდა. მაშინ პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 478 871 ლარი იყო. 2022 წელს, ანაკლიაშიც ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები, რისთვისაც 1 434 436 ლარი გამოიყო.
მასალის გამოყენების პირობები