„რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა გეგმის შესაბამისად დაიწყება, მიუხედავად საქართველოს მცდელობისა, რუსულ ავიაკომპანიებს სოხუმის აეროპორტში ფრენები აუკრძალოს“, - ამის შესახებ „რუსეთში აფხაზეთის ელჩმა“, ალხას კვიცინიამ „რია ნოვოსტის“ განუცხადა.
„მოვუწოდებთ თბილისს, უარი თქვას კონფრონტაციულ რიტორიკაზე და ხელი მოაწეროს ჩვენთან შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, თვითმფრინავები იფრენენ და თბილისის პროტესტის მიუხედავად, აფხაზეთისა და რუსეთის მაცხოვრებლებს ერთმანეთთან თავისუფლად ფრენა შეეძლებათ“, - განაცხადა კვიცინიამ.
მისი თქმით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) მიმართა რუსული ავიაკომპანიებისთვის სოხუმში ფრენების აკრძალვის მოთხოვნით.
„საქართველოს თვალსაზრისით, სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირება უკანონოა და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციას არღვევს, რადგან აეროპორტს არ აქვს თბილისის სერტიფიკატი“, - აღნიშნა კვიცინიამ.
მისი თქმით, აფხაზური მხარე თვლის, რომ რესპუბლიკის იზოლირების მიზნით ICAO-ს გამოყენების საქართველოს მცდელობები უპერსპექტივოა.
„დიახ, ფორმალურად საქართველო ICAO-ში უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს და ჩვენი აეროპორტის კოდი იქ 2006 წლიდან გაუქმებულია. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს: მოსკოვი-სოხუმის დაგეგმილი რეისები არავის უსაფრთხოებას არ არღვევს“, - უთხრა მან გამოცემას.
მისივე თქმით, მოსკოვსა და სოხუმს შორის საჰაერო მიმოსვლა ოფიცილაურად 1- ელ მაისს დაიწყება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) მიმართა და მოითხოვა, რომ აიკრძალოს რუსული ავიაკომპანიების ფრენა სოხუმის აეროპორტში.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს
კომენტარი სააგენტო bm.ge-მ გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონო იყო და რომ ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს ფრენებს აფხაზეთში, „დაარღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტურ და ძირითად პრინციპებს“.
თბილისი აცხადებს, რომ საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) „უპირობო მხარდაჭერით“ სარგებლობს.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, უკვე ამოქმედდა სოხუმის აეროპორტის
ვებგვერდი.
მანამდე, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ „სოხუმის მიმართულებით
ბილეთების გაყიდვა გახსნილია“.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 3 მაისს ავიაკომპანია „UVT AERO“ რეიის ვნუკოვოს აეროპორტიდან შეასრულებს, 6 მაისიდან კი „Ikar Airlines“- ი დაიწყებს ფრენებს, ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმის მიმართულებით .
მოგვიანებით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ პირველი რეისი მოსკოვიდან 1 მაისს შესრულდება, სამომავლოდ კი ფრენები შაბათობით განხორციელდება.
ცნობისთვის, 7 თებერვალს სოხუმის აეროპორტმა პირველი სატესტო
რეისი მიიღო მოსკოვიდან, რომელიც ავიაკომპანია „UVT Aero“-მ განახორციელა.
2023 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ, შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან", რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი, რაშიდ ნურგალიევი.
2019 წლის ივლისში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ მიიღო დადგენილება სოხუმის აეროპორტისთვის "ერთობლივი აეროდრომის" სტატუსის მინიჭების და ასო-კოდის მინიჭების შესახებ. ამ დოკუმენტის შესაბამისად, აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მიენიჭა ოთხასოიანი კოდი "URAS" რუსეთის ფედერაციის საავიაციო ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომ შესატანად.
საქართველოს სამოქალაქო საავიაციო სააგენტო მაშინ
განცხადებით გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება.
2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO - მ გააუქმა სოხუმის აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო ინფორმაცია ამის შესახებ.
ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის საფუძველზე ხდება.
მასალის გამოყენების პირობები