ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი და პოლიტიკური პარტია “დროას” რეგიონული წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა, რომელსაც “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ შეურაცხყოფისთვის უჩივლა, 4000 ლარით დააჯარიმა.
საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჭაბუკიანმა გამოაცხადა.
სასამართლომ ის სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე-მე-16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს.
ამასთან, დღეს ამავე მუხლით კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტი კერენ ესებუა
3500 ლარით დააჯარიმეს.
ცნობისთვის, 20 მაისს, ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში აქტივისტები ირაკლი ზარქუას საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ. “ქართული ოცნების” დეპუტატის თქმით, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, ასევე სახელმწიფო მოსამსახურისა და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება დასჯადია და იწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები