ემუქრება თუ არა საფრთხე ანაკლიის პორტს - ანაკლიელების აზრი (ფოტო, ვიდეო)
10:53 / 22.02.2019
ანაკლიელების უმეტესობა მათ სოფელში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ჩაშლის საფრთხეს ხედავს. მას შემდეგ, რაც TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ
მამუკა ხაზარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, ადგილობრივებმა ჩათვალეს, რომ, შესაძლოა, ნავსადგური აღარ აშენდეს. რადიო „ათინათი“ ანაკლიაში ჩავიდა და იქ მაცხოვრებლებს ჰკითხა, როგორ აფასებენ ბოლო დროს ამ საკითხის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.
აქ ყველა თანხმდება, რომ ანაკლიის პორტი არამხოლოდ სამეგრელოსთვის, არამედ ქვეყნისთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, თუმცა მათი ნაწილი პორტის მომავალს უიმედოდ უყურებს და ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მის მშენებლობას გვერდით დაუდგებიან. ზოგი მათგანი კი მიმდინარე მოვლენებში პოლიტიკურ მოტივს ხედავს.
„ძალიან ცუდი განწყობაა, გვწყინს, რომ განვითარება არ იქნება, მშენებლობა არ იქნება. რა შუაშია პოლიტიკა, ეს პარტია, ის პარტია, ეს არის საქართველოს მომავალი, პერსპექტივა ჩვენი ქვეყნის და ეს უნდა გაკეთდეს. გვეშინია უკვე, ღმერთმა ქნას, ყველაფერი კარგად და კეთილად დასრულდეს“, - გვითხრა ელისაბედ კვარაცხელიამ.
ამავე აზრზეა ბელა ხუბუაც. ამბობს, რომ უცხოელმა სტუმრებმა, რომელთაც საოჯახო სასტუმროებში ნომრები დაჯავშნილი ჰქონდათ, ჯავშანი გააუქმეს. ის ფიქრობს, რომ მამუკა ხაზარაძის ბანკიდან წასვლა ანაკლიაში მშენებლობაზე ცუდად აისახება და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობაც გაჭირდება.
„ანაკლიის პორტი არის საერთაშორისო, გლობალური პროექტი და ყველამ იცის ეს, რამხელა სამუშაო ადგილებს შექმნიდა. თუ საჭირო გახდა, ჩვენ ყველა გვერდით დავუდგებით ხაზარაძეს და ასე უნდა მოიქცეს ყველა. ცუდია, რომ გადადგა თანამდებობიდან, გვერდით ხალხი უნდა დაეყენებინა“, - აღნიშნა მან.
ნუგზარ გაბელიასთვისაც ბოლო დროს ხაზარაძის გარშემო მიმდინარე მოვლენები ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხეს უქმნის. გაბელია ამბობს, რომ ამ პროცესში, სავარაუდოდ, როგორც გარე, ასევე შიდა ფაქტორები მონაწილეობს.
„12 წლის წინანდელი ამბის ამოქექვა, თუ ასეთი ამბავი იყო, როცა ამდენი უჭირს ამ ქვეყანას და ასეთი გრანდიოზული რამე შენდება, არ უნდა წამოწყებულიყო. ყველაზე მეტად ეს არ აწყობდა რუსეთს. არ მგონია, ეს ამბავი ბუნებრივად ხდებოდეს, მთელი მსოფლიო დაინტერესებულია ამ პორტით. თუ ხაზარაძემ ბანკთან ერთად ვერ გაუძლო ზეწოლას, მარტო რას იზამს... ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ და ვუყურებთ, გვაძლევს განცდას, რომ პორტი შეიძლება არ აშენდეს. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანს არ შეეძლო, რამე მოენახა და პორტის მშენებლობა დაებრკოლებინა. იმხელა საქმე კეთდება, ერთი სული გვაქვს, აშენდებოდეს, ეშველება რეგიონს, რამდენიმე ათასი დასაქმდება და ასე შემდეგ“, - გვითხრა მან.
ანაკლიის პორტს ერთადერთ იმედად მიიჩნევს ჟანა ცხადაია. იმ პირობებში, როცა, მისი თქმით, აქ არც ფესტივალია დაგეგმილი და ტურიზმიც საფრთხეშია, ანაკლიის პორტი განვითარებისთვის ერთადერთი საშუალება იყო.
„გვეშინია, ეს მართლა საუკუნის პროექტი, რომელიც მთელი დასავლეთისა და საქართველოს უმნიშვნელოვანესია, არ შედგეს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, გაურკვევლობაში და უკვე აქედან წასვლაზე ვფიქრობთ“, - გვითხრა ცხადაიამ.
ანაკლიელები გულდაწყვეტილები არიან, რადგან თვლიან, რომ პორტთან ერთად საფრთხე მათ ყოველდღიურ საქმიანობას, ბიზნესსა და როგორც ამბობენ, ანაკლიის, როგორც „ანაკლია სითის“ განვითარებას ემუქრება.
„ახლა რომ ვუყურებთ, საფრთხე ძალიან რეალურია. სულ ნახევარი წლის წინ ყველაფერი ნორმალურად იყო. ჩვენი ბიზნესიც ამაზე იყო დამოკიდებული. სულ არ მინდა წასვლა, მაგრამ, ალბათ მომიწევს. თუ გაგრძელდება მშენებლობა და ვნახავ სიტუაციას, ჩამოვალ“, - აღნიშნა ნანა ხუბუამ.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე მოვლენებში პოლიტიკურ მოტივს ხედავს, პორტის აშენების იმედი აქვს ჯამბულ ჩიქობავას. მან რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ პროექტის გაჩერება არ შეიძლება და ახლა დაწყებული გამოძიება მხოლოდ მიზეზია.
„ამერიკა, ევროპა, აზიური ქვეყნები დაინტერესებულები არიან აქ პორტის მშენებლობით. ყველამ იცის, რომ დავიწყეთ პროცესი და ახლა როგორ უნდა შევაჩეროთ? აქ სოფელში, ზოგს ეშინია და ზოგს არა. ჩვენ ვეუბნებით, გაგრძელდებაო, რადგან მთელი მსოფლიოა ამით დაინტერესებული“, - დასძინა ჩიქობავამ.
პორტის მშენებლობის ჩაშლას კატეგორიულად გამორიცხავს კიდევ ერთი ადგილობრივი ნანა ჩიქობავა. ის ფიქრობს, რომ ანაკლიელებს ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, უნდა სჯეროდეთ, რომ პორტი აშენდება და ამაში თავადაც დარწმუნებულია. ჩიქობავა ასევე მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის საქმეში მამუკა ხაზარაძე „მთავარი ფიგურა“ არ არის.
„ჩვენ ანაკლიის პორტს არაფერი საფრთხე არ ემუქრება. ვერ ხედავთ, რამდენი რამეა გაკეთებული ? აგერ ვცხოვრობთ და ჩვენ თუ არ დავიჯერებთ, სხვა როგორ დაიჯერებს. აქ მარტო ხაზარაძე არ არის, ბევრი ხალხია ჩართული და რა მგონია, ის იყოს მთავარი ფიგურა. ორ თვეში აქ იქნება ბუმი“, - თქვა ჩიქოვაბამ.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ფინანსურმა დირექტორმა ზურაბ ფიჩხაიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ პორტის სამუშაოები ჩვეულებრივად, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
„მიდის აქტიურად დაფინანსების დასრულებაზე მუშაობა, ასევე სამშენებლო ტენდერებში გამარჯვებულს ველოდებით, შემდეგ კი უკვე გენერალურ კონტრაქტორს გამოვაცხადებთ. სამუშაოები მიმდინარე სულ იქნება, თუმცა გენერალური კონტრაქტორის გამოცხადების შემდეგ, ალბათ, რამდენიმე თვეში დაიწყება აქტიურად. შემიძლია გითხრათ, რომ მთავრობის მხრიდან გაკეთდა არაერთი მხარდამჭერი განცხადება ანაკლიის პორტის და ჩვენ ყოველდღიურობაში არაფერი შეცვლილა“, - აღნიშნა ფიჩხაიამ.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ამავე დროს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელიცაა, ბანკის დატოვების შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა. სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ხაზარაძე იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ბოლომდე მიყვანა „დასცალდება“.
მანამდე მან ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ ე.წ. „არარსებულ" საქმეზე დაჩქარებული გამოძიების დაწყება ხელს უშლის ანაკლიის პორტის დაფინანსებას.
ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკისგან" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვება რამდენიმე დღის წინ ითხოვა. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. პროკურატურამ გამოძიება 194-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებას გულისხმობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები