ზუგდიდის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ბრალდებებს უპასუხეს. საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდია ამბობს,
რომ ოპოზიციის ბრალდება დეპუტატების მერიის ა(ა)იპ-ებში მუშაობის თაობაზე საფუძველს მოკლებულია. ის განმარტავს, რომ აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმება საკრებულოს წევრს არ ეკრძალება.
"საკრებულოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონით "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", კერძოდ კი მისი 42-ე მუხლით, რომლის თანახმადაც საკრებულოს წევრს არ ეკრძალება სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება, გარდა გამონაკლისი შემთხვევების. მაგ. საკრებულოს წევრი არ შეიძლება იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, მუშაობდეს შსს ორგანოებში, სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში და ა.შ. ასევე, საკრებულოს წევრი არ შეიძლება იკავებდეს მუნიციპალიტეტში ისეთ თანამდებობას, როგორიც არის მაგალითად სამსახურის უფროსი, მერის მოადგილე, ხოლო მუნიციპალურ ა(ა)იპ-ში ან შპს-ში არ შეიძლება იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). რაც შეეხება ყოველგვარ სამართლებრივ სარჩულგამოცლილ ბრალდებას, მსგავს აკრძალვას ქართულ საკანონმდებლო სივრცეში ვერსად შეხვდებით. როგორც ვიცი, განცხადების ავტორი იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, ასევე მუნიციპალურ ორგანოებში მუშაობის გამოცდილება აქვს და ვურჩევდი სანამ განცხადებას გააკეთებდა ჩაეხედა თვითმმართველობის კოდექსში. ასევე, დამატებით შეიძლება ითქვას რომ ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი პირები თანამშრომლის შერჩევისას ხელმძღვანელობენ დასაქმებულის პროფესიული ცოდნის ან შესაბამისი უნარ-ჩვევების მიხედვით. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს წევრს მუნიციპალურ ა(ა)იპ-ში დასაქმება არ ეკრძალება, მსგავს შემთხვევებს სისტემური ხასიათი არა აქვს და არც ვინმეს დირექტივით ხდება მათი დანიშვნა", - უთხრა სორდიამ რადიო
"ათინათს".
კანონის ამ მუხლის ხარვეზსა და აქედან გამომდინარე, ცუდ პრაქტიკაზე საუბრობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა. ის ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საქმე ინტერესთა კონფლიქტს ეხება.
"კანონის ეს ჩანაწერი არის ხარვეზიანი, ქმნის ცუდ პრაქტიკას და საქმე გვაქვს ფაქტობრივ ინტერესთა კონფლიქტთან, რადგანაც საკრებულოს უწევს გააკონტროლოს მერიის მიერ დაფუძნებული იმ ა(ა)იპ-ების საქმიანობა, რომელშიც საკრებულოს წევრები არიან დასაქმებულები", - გვითხრა თოდუამ.
ჩვენ საკრებულოს იმ მაჟორიტარებს დავუკავშირდით, რომლებსაც ენმ კანონდარღვევაში ადანაშაულებს. ერთადერთი, ვინც დაადასტურა "კეთილმოწყობაში" დასაქმება, ორულუს მაჟორიტარი ჯანსუღ ჯაბუაა, თუმცა დასძინა, რომ ამ ეტაპზე იქ აღარ მუშაობს.
"იყო დრო ვმუშაობდი, ახლა არ ვმუშაობ", - გვითხრა ჯაბუამ.
რაც შეეხება სხვა დეპუტატებს, მათი ნაწილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ნაწილი უარყოფს, რომ მერიის ა(ა)იპ-შია დასაქმებული, რამდენიმემ კი კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ყველა მათგანი, ენმ-ის მტკიცებით, აღნიშნულ ა(ა)იპ-ში ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის ოპერატორის პოზიციაზეა გაფორმებული.
რადიო "
ათინათი" კეთილმოწყობის მართვის ცენტრის დირექტორსაც დაუკავშირდა. თავიდან დიმიტრი ფაცაციამ გვთხოვა, რომ მოგვიანებით დავკავშირებოდით,თუმცა შემდეგ ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.
საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ანა წითლიძე ზუგდიდის საკრებულოს რამდენიმე წევრს კანონდარღვევაში
ადანაშაულებს. კერძოდ, მისი მტკიცებით, საკრებულოს წევრები, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით აკრძალული აქვთ სხვა ნებისმიერი თანამდებობის დაკავება, დასაქმებულები არიან მერიასთან არსებულ ა(ა)იპ-ებში. ის პროკურატურას მოუწოდებს, შეისწავლოს ეს საქმე და აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოში განცხადების შეტანას გეგმავს. ამასთან, წითლიძე მერიას მიმართავს, რომ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულების სია გაასაჯაროოს.
მასალის გამოყენების პირობები