პლასტიკის პარკების მოხმარების შემცირებისთვის ახალი რეგულაციების
დაწესება 2018 წლის განმავლობაში იგეგმება. აღნიშნულთან დაკავშირებით,
ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ავრცელებს. მათივე განმარტებით, აღნიშნული რეგულაციების შემოღების
აუცილებლობა განაპირობა ქვეყანაში პლასტიკის პარკების მოხმარების
მკვეთრმა ზრდამ, რამაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა
გარემოს.
„როგორც ცნობილია, გარემო ყველაზე მეტად სწორედ პლასტიკისგან
დამზადებული პროდუქციის ნარჩენებით ბინძურდება, განსაკუთრებით ეს
ეხება ერთჯერად პლასტიკის პარკებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში
ფართოდ გამოიყენება. ახალი რეგულაციების მიღების შედეგად ქვეყანაში
შემცირდება პლასტიკის პარკების მოხმარება, ასევე, უზრუნველყოფილი
იქნება ევროსტანდარტების შესაბამისი ბიოდეგრადირებადი პარკების
ბრუნვა, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურებას
პლასტიკის ნარჩენებით და ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის
გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, რეგულაციების შემოღების თაობაზე
სამინისტროში წინასწარ გაიმართა კონსულტაციები საქართველოში პლასტიკის
პარკების ძირითად მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, რეალიზატორებთან და
მათი მხრიდან გამოითქვა მზაობა აღნიშნულ სფეროში რეგულაციების
შემოღებასთან დაკავშირებით.
კერძოდ, პირველ ეტაპზე, აიკრძალება 15 მიკრონზე ნაკლები პლასტიკის
პარკების იმპორტი/წარმოება და რეალიზაცია, ასევე დადგინდება ტექნიკური
მოთხოვნები ბიოდეგრადირებადი პარკის შემადგენლობის მიმართ.
პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა დაიწყო,
რომელიც საქართველოში პლასტიკის პარკების მოხმარების შემცირებისთვის
სამართლებრივი რეგულაციების შემოღებას ისახავს მიზნად.
მასალის გამოყენების პირობები