დღეს და ხვალ ქვეყნის მასშტაბით სინოპტიკოსები მაღალ ტემპერატურას
პროგნოზირებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მედიკოსები მოქალაქეებს
მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან თავის არიდებას ურჩევენ და
ნაკლები ფიზიკური დატვირთვისკენ მოუწოდებენ.
თერაპევტ-კარდიოლოგ თეა ხარბედიას თქმით, სასურველია, რომ
მოქალაქეებმა 12-დან 18 საათამდე გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.
„ვეცადოთ, რომ ვიყოთ გრილ ადგილას. ოთახი გავაგრილოთ კონდიციონერით ან
სველი პირსახოცებით. ბავშვები და მოხუცები ცხელ ადგილებს უნდა
მოვარიდოთ. მივიღოთ მეტი სითხე და მინერალური წყალი. უფრო ხშირად
ვაკონტროლოთ წნევა. თუკი შევნიშნავთ მზის დაკვრის ან გადახურვის
ნიშნებს, პირველადი დახმარების სახით ადამიანს უნდა დავადოთ ყინულები
ან საჭიროების შემთხვევაში, დავრეკოთ სასწრაფოში“, - უთხრა
რადიო „ათინათს“ ხარბედიამ.
თერაპევტ-კარდიოლოგი განსაკუთრებული სიფრთხილისკენ ქრონიკული, კანისა
და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებს მოუწოდებს.
„მაღალი ტემპერატურა რისკის შემცველია და შესაძლოა, აღნიშნული
დაავადებების გამწვავების მიზეზი გახდეს“, - აღნიშნა ხარბედიამ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების
სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის ცნობით, დღეს დასავლეთ
საქართველოში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ, შესაძლოა, 42 გრადუსს
მიაღწიოს. 28 ივლისს კი ჰაერის ტეპერატურა 35 გრადუსამდე
დაიკლებს.
ამავე თემაზე:
სამეგრელოში
ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 42 გრადუსს მიაღწიოს
მასალის გამოყენების პირობები