ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოსტზე საკანონმდებლო ორგანოში 96
ხმით 5-ის
წინააღმდეგ აირჩიეს. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ლომჯარია სახალხო
დამცველის აპარატს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში
უხელმძღვანელებს.
“ძალიან ემოციური მომენტია ჩემთვის, იმიტომ, რომ ალბათ, არ არსებობს
იმაზე დიდი პატივი ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, რომ იყოს
საქართველოს სახალხო დამცველი“, - განუცხადა ჟურნალისტებს
ლომჯარიამ.
მისი თქმით, ეს ამავე დროს ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა, ამასთან, მან
მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს და სხვა პოლიტიკურ ძალებს მისთვის
ნდობის გამოცხადებისთვის.
პარლამენტში ომბუდსმენის თანამდებობაზე "პატრიოტთა ალიანსის" მიერ
წარდგენილ კანდიდატსაც უყარეს კენჭი. კენჭისყრის შედეგად გიორგი
ფოფხაძის კანდიდატურას მხარი 20-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 27
წინააღმდეგი იყო.
პარლამენტის აღნიშნული დადგენილება 8 დეკემბერს მას შემდეგ
ამოქმედდება, რაც უჩა ნანუაშვილს ომბუდსმენის უფლებამოსილების ვადა
ოფიციალურად ამოეწურება.
პარლამენტის თავმჯდომარემ ლომჯარიას საპასუხისმგებლო თანამდებობაზე
არჩევა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანოსა და
სახალხო დამცველს შორის პროდუქტიული თანამშრომლობა შედგება.
მასალის გამოყენების პირობები