მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობის დღესასწაულს ზეიმობს.
საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა
ილია მეორემ საშობაო სადღესასწაულო ღვთისმსახურება ყოვლადწმინდა
სამების საპატრიარქო ტაძარში წუხელ, 23:00 საათზე დაიწყო. წირვაზე
პატრიარქის საშობაო ეპისტოლეც წაიკითხეს.
შობის დღესასწაულის აღნიშვნით მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა
დამთავრდა, რომელიც 28 ნოემბერს დაიწყო. დღეიდან ორი კვირის
განმავლობაში, 17 იანვრამდე, მსგეფსი იქნება, რომლის დროსაც მრევლს
ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით არასამარხვო საკვების მიღება
შეუძლია.
წმინდა სახარების თანახმად, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის
ნიშნად, ბეთლემში იმ გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას
საქონელს აფარებდნენ. უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა
ახარეს, რომელთაც პირველებმა იხილეს ყრმა მაცხოვარი. მოგვიანებით
ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ
მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ თაყვანი სცეს ახალშობილ
მაცხოვარს და ძღვენი მიართვეს .
უფლის შობის შესახებ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები
წინასწარმეტყველებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები