ასოციაცია
"ათინათი" პირველი ოქტომბრიდან
იწყებს ახალი პროექტის "ახალგაზრდების ჩართულობა" განხორციელებას.
მისი მიზანია თემში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება და მათ მიერ
იდენტიფიცირებული პრობლემების მოსაგვარებლად თვითმმართველობასთან
თანამშრომლობა. პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: მესტია,
წალენჯიხა, ჩხოროწყუ და აბაშა.
იგეგმება ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების შექმნა, რომლის წევრები
პროექტის ფარგლებში ტრენინგებზე მიღებული ცოდნით შეძლებენ გამოავლინონ
თემში არსებული პრობლემები. მოკვლეულ საჭიროებებზე კი ამავე ჯგუფიდან
შერჩეული ადამიანები შექმნიან ჟურნალისტურ მასალებს და საკრებულოებს
წარუდგენენ პეტიციების სახით.
ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის გია ხასიას თქმით, ხელი შეეწყობა
ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და ურთიერთობების
გაღრმავებას.
"ახალგაზრდების მიერ ინიცირებულ წინადადებებზე საკრებულოები მიიღებენ
გადაწყვეტილებებს. დაგროვდება თანამშრომლობის გამოცდილება
მოქალაქეებსა და საჯარო სტრუქტურებს შორის.
"ათინათი" მადლობას უხდის აშშ საელჩოს
პროექტის მხარდაჭერისთვის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს დემოკრატიული
საზოგადოების გაძლიერებას", - აღნიშნა გია ხასიამ.
პროექტი "ახალგაზრდების ჩართულობა" ამერიკის საელჩოს დაფინანსებით
ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები