საქართველოს რუკის ისეთი სახით დამზადება და გავრცელება, რომლითაც დარღვეული იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შესაძლოა, სისხლის
სამართლის წესით დასჯადი გახდეს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ინიცირებისთვის მზად არის და განსახილველად პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება. პროექტი დეპუტატებმა ირაკლი სესიაშვილმა და ოთარ ჩრდილელმა მოამზადეს.
პროექტის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი საქართველოს რუკის ნაბეჭდი გამოცემის, ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადების, გავრცელების, რეკლამირების, რეალიზაციის, იმპორტის და ექსპორტის შემთხვევაში ჯარიმას ან 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
ირაკლი სესიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ უთხრა, რომ საქართველოს რუკის დამახინჯებული ფორმით გავრცელება არის რუსული პროპაგანდის ნაწილი, რაც არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო სამართალს.
დეპუტატის შეფასებით, საჭიროა ყველა ასეთ ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივი სანქციის გამოყენება.
ბათუმში გამართულ საჭადრაკო ღონისძიებაზე რუსულმა დელეგაციამ საქართველოს რუკები დაარიგა, რომელზეც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები საქართველოს შემადგენლობაში წარმოდგენილი არ იყო.
წყარო: Ipn
მასალის გამოყენების პირობები