სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა უნარჩუნდება 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.
უწყება მოუწოდებს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს, დროულად მიმართონ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს სანომრე ნიშნის შესაცვლელად.
აღნიშნულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ დღეიდან ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება, იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.
„გარდა ამისა, დღეიდან მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრე ფიზიკურ პირს შეუძლია დისტანციურად მოითხოვოს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.
დისტანციურად შეცვლილი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნის მიღება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეკვეთისას მითითებულ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში.
ამ ეტაპზე, დისტანციურად ნომრის შეცვლის სერვისი ვრცელდება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ახლით შეცვლისას“, - ვკითხულობთ მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები