სკოლებში პირველ კლასში რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა.
ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, I ეტაპი განხორციელდება 2022 წლის 20 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით. ამ პერიოდში სკოლებში დამატებით რეგისტრაციის შესაძლებლობა მიეცემათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, რომლებიც რეგისტრაციის პირველი ეტაპისთვის თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში ვერ დარეგისტრირდნენ სკოლებში.
მეორე ეტაპზე რეგისტრაცია 10 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში; მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
რაც შეეხება მესამე ეტაპს, საყოველთაო რეგისტრაციას, პროცესი 2022 წლის 24 მაისს დაიწყება და 15 ივნისის ჩათვლით დასრულდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge
IV ეტაპი, რომელიც 2022 წლის 4 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც წინა ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.
ვადების ცვლილებები საკანონმდებლო ცვლილებებმა გამოიწვია, რომლის თანახმადაც 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით ის ბავშვებიც უნდა ჩაირიცხონ, რომელსაც 6 წელი 16 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.
მასალის გამოყენების პირობები